---
title: "მუხლი 3. „ქურდული სამყარო“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა, „ქურდული სამყაროს“ წევრი, „კანონიერი ქურდი“, „ქურდული გარჩევა“, „ქურდული შეკრება“ — ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/3"
law: "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ"
article: "3"
identifier: "2354"
adopted: "2005-12-20"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. „ქურდული სამყარო“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა, „ქურდული სამყაროს“ წევრი, „კანონიერი ქურდი“, „ქურდული გარჩევა“, „ქურდული შეკრება“ — ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/3

1. „ქურდული სამყარო“ – პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე.

2. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა – „ქურდული სამყაროს“ წევრის/ „კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება.

3. „ქურდული სამყაროს“ წევრი – პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

4. „კანონიერი ქურდი“ – პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს.

5. „ქურდული გარჩევა“ – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.

6. „ქურდული შეკრება“ – ორი ან ორზე მეტი პირის შეკრება ან დაკავშირება ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), პირთა „ქურდულ სამყაროში“ გაწევრების ან წევრობის შეწყვეტის, სტატუსის შეცვლის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის (მათ შორის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის საკითხის) განხილვის/გადაწყვეტის მიზნით. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2150 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/3-1.md
