---
title: "მუხლი 22. 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოპოვებულ უფლებათა შენარჩუნება — სახელმწიფო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/22"
law: "სახელმწიფო პენსიის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 27946"
adopted: "2005-12-23"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოპოვებულ უფლებათა შენარჩუნება — სახელმწიფო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო პენსიის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/22

1. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობას, უწყდება ზემოაღნიშნული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხის გაცემა უგრძელდება შეჯამებულად, „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით, ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.

2. პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობაზე, უწყდება ზემოაღნიშნული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და მისი „საპენსიო პაკეტი“ განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

3. პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იყო საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) მიმღები, შეუნარჩუნდება მოპოვებული ფულადი სარგებლის იმავე ოდენობით მიღების უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „სოციალური პაკეტის“ სახით, პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლის (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას ასევე გათვალისწინებულ იქნეს ყველა გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომელთა გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.403
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/23.md
