---
title: "მუხლი 7. პენსიის დაფინანსების წყარო, ოდენობა და გაანგარიშების წესი — სახელმწიფო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/7"
law: "სახელმწიფო პენსიის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 27946"
adopted: "2005-12-23"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. პენსიის დაფინანსების წყარო, ოდენობა და გაანგარიშების წესი — სახელმწიფო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო პენსიის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/7

1. პენსიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. პენსიის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, ამ კანონით დადგენილი გაანგარიშების წესისა და პირობების შესაბამისად.

2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში პენსიის ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული პენსია, გაზრდილი:
ა) 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;
ბ) 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გაზრდილი პენსიის ოდენობა 5-ის ჯერად რიცხვზე ნაკლებია, პენსიის ოდენობა მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით პენსიის ოდენობა უნდა გაიზარდოს შესაბამისი საბიუჯეტო წლის პირველივე თვიდან.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის:
ა) ინფლაციის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე;
ბ) მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე.

6. დაუშვებელია პენსიის ოდენობის ამ მუხლით დადგენილი გაანგარიშების წესისგან განსხვავებული წესით განსაზღვრა.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5601 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.403
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6728 – ვებგვერდი, 08.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/8.md
