---
title: "მუხლი 114⁴. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ გარკვეული წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-4"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "114^4"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 114⁴. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ გარკვეული წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 114⁴ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-4

1. გემის საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციიდან მოხსნის/რეგისტრაციის შეწყვეტის ან შეჩერების შემდეგ გემის რეგისტრაციის მოწმობის მთავარი რეგისტრატორისათვის ჩაუბარებლობა – გამოიწვევს გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარით.

2. საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციისას წყალწყვის არასწორად მითითება, რამაც გამოიწვია გემის სარეგისტრაციო საფასურის მნიშვნელოვანი შემცირება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.

3. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალების მიერ ნაოსნობის სახელმწიფო სარეგისტრაციო პროცედურებით მოთხოვნილი აუცილებელი განმასხვავებელი ნიშნების გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.

4. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის გამოყენება საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალებისათვის, რომელზედაც არ გაცემულა აღნიშნული მოწმობა, – გამოიწვევს საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

5. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში აღნიშნული ტონაჟის შეზღუდვის უგულებელყოფა და სატვირთო ოპერაციის განხორციელებისას უფრო მეტი ტვირთის გადასაზიდად შეზღუდული ტონაჟის მოცულობის გამოყენება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.

6. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ – გამოიწვევს საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

7. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის მიერ ნაოსნობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე სავალდებულო მოწმობის გარეშე განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა, – გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარით.

8. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ საერთაშორისო ნაოსნობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, ნაოსნობისათვის დახურულ ნავსადგურში შესვლა, – გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის დაჯარიმებას 10 000 ლარით. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4624 – ვებგვერდი, 23.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-5.md
