---
title: "მუხლი 114⁶. სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-6"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "114^6"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 114⁶. სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 114⁶ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-6

1. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურის უშიშროების გეგმის შემუშავების, განახლების, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის წარდგენის, დანერგვის ან/და პერიოდული შემოწმების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურის უშიშროების საკითხზე სწავლებისა და წვრთნის ჩატარების, მათ შორის, ნავსადგურის უშიშროების პერსონალის პრაქტიკული და თეორიული წვრთნის განხორციელების, ან/და ნავსადგურის უშიშროების რეგულარული ინსპექტირების ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

5. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურში და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ნავსადგურში ან/და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე არსებულ შეზღუდულ ზონასა და ნავსადგურში მყოფ გემზე და გემის გარშემო არსებულ სივრცეზე უწყვეტი მონიტორინგის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

7. სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურში არსებული შეზღუდული ზონის აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნის ან/და ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს თითოეული ნიშნის/ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს თითოეული ნიშნის/ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/114-7.md
