---
title: "მუხლი 156⁴. პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/156-4"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "156^4"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 156⁴. პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 156⁴ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/156-4

1. პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს მისი ფლობის  ან/და გამოყენების უფლება, – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

3. პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირის მიერ შეძენა/ფლობა, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს მისი შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება, – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.

5. პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის შემთხვევაში – მისთვის დამატებით საქმიანობის უფლების 1 წლის ვადით შეჩერებას.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის შემთხვევაში – მისთვის საქმიანობის უფლების 1 წლის ვადით შეჩერებას.

7. ამ მუხლის მე-5 ან მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ხოლო  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის შემთხვევაში – მისთვის საქმიანობის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/156-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157.md
