---
title: "მუხლი 166¹. სექსუალური შევიწროება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/166-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "166^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 166¹. სექსუალური შევიწროება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 166¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/166-1

1. სექსუალური შევიწროება − საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვემდე ვადით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სამართალდამრღვევისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 800 ლარამდე ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ან ორი ან ორზე მეტი პირის მიერ − გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით. შენიშვნა : ამ კოდექსის მიზნებისთვის სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4552 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/166.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/166-2.md
