---
title: "მუხლი 172¹⁰. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/172-10"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "172^10"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 172¹⁰. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 172¹⁰ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/172-10

1. ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, თუ ამ რეკლამის გამავრცელებელი მის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებდა, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 500 ლარის ოდენობით.

2. არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელებით მისთვის ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 3 000 ლარის ოდენობით.

3. ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 4 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელებით მისთვის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გულისხმობს ისეთ შემთხვევასაც, როდესაც სუბიექტმა არასრულწლოვანი დაუშვა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ინფორმაცია სიტყვიერად, ხმოვანი მოწყობილობით ან/და ვიზუალურად ვრცელდება, თუ აღნიშნულ სუბიექტს ამ არასრულწლოვანის ასეთ ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდვის უფლება და გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4453 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/172-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/172-11.md
