---
title: "მუხლი 30¹. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/30-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "30^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30¹. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 30¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/30-1

1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ან/და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან/და საქართველოდან გატანის, იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის უფლების დროებით შეზღუდვას.

2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, მათ შორის, იწვევს პირის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოპოვებული, იარაღის საქართველოში შემოტანასთან ან/და საქართველოდან გატანასთან, იარაღის შეძენასთან, შენახვასთან, ტარებასთან, გადატანა-გადაზიდვასთან, გადაგზავნასთან დაკავშირებული ყველა ნებართვის გაუქმებას.

3. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადის განმავლობაში დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის ფარგლებში პირზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ნებართვის გაცემა.

4. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს 5 წლამდე ვადით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/31.md
