---
title: "მუხლი 305. გამასწორებელი სამუშაოების მოხდის ვადა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/305"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "305"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 305. გამასწორებელი სამუშაოების მოხდის ვადა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 305 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/305

გამასწორებელი სამუშაოების მოხდა გამოითვლება იმ დროის მიხედვით, რომლის განმავლობაში დამრღვევი მუშაობდა და მისი ხელფასიდან წარმოებდა დაქვითვა. დამრღვევის მიერ გამომუშავებული დღეების რაოდენობა არ უნდა იყოს იმ სამუშაო დღეების რაოდენობაზე ნაკლები, რომელიც მოდის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი სახდელის კალენდარულ ვადაზე. თუ დამრღვევმა არ გამოიმუშავა სამუშაო დღეეების აღნიშნული რაოდენობა და არ არსებობს გამოუმუშავებელი დღეების სახდელის ვადაში ჩათვლის საფუძველი, გამასწორებელი სამუშაოების მოხდა გაგრძელდება დაწესებული სამუშაო დღეების დამრღვევის მიერ სრულად გამომუშავებამდე. გამასწორებელი სამუშაოების მოხდის ვადაში ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაში დამრღვევი საპატიო მიზეზით არ მუშაობდა და მას კანონის შესაბამისად ეძლეოდა ხელფასი. ამ ვადაში ჩაითვლება აგრეთვე ავადმყოფობის დრო, ავადმყოფის მოვლისთვის მიცემული დრო და ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების დრო. სიმთვრალით ან სიმთვრალესთან დაკავშირებული მოქმედებით გამოწვეული ავადმყოფობის დრო არ ჩაითვლება გამასწორებელი სამუშაოების მოხდის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/304.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/306.md
