---
title: "მუხლი 59². ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/59-2"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "59^2"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59². ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 59² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/59-2

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში პერსონალის გადამზადების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში დოკუმენტაციის წარმოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინების მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მონიტორინგის ხელსაწყოების გამოყენების ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო პერსონალის ან/და სამედიცინო დასხივების დროს პაციენტის დაუსაბუთებელი დასხივება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

5. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული ობიექტის, ბირთვული მასალის, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების ან/და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით.

6. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

7. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების დროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების დარღვევის ან/და ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმის შეუსრულებლობის გამო მოსახლეობის დასხივება ან/და გარემოს დაბინძურება, რასაც არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 800 ლარის ოდენობით.

8. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი წყაროებისადმი (გენერატორებისადმი) მოპყრობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3054 – სსმ I, №26, 20.05.2010წ., მუხ.174 საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3292 – ვებგვერდი, 06.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/59-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/59-3.md
