---
title: "მუხლი 12. პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევა — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/12"
law: "არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 28294"
adopted: "1997-10-28"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევა — არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/12

1. სახელმწიფო კომისია პირს გადასცემს გაწვევის შესახებ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილი და სამსახურში გამოცხადების თარიღი.

2. პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, პროფესიული მომზადებისთვის შეიძლება გაიგზავნოს შესაბამის სასწავლებელში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოს იმ პირის სპეციალური მომზადება, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებში გაივლის. სწავლის დრო პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაში ეთვლება.

3. ამ კანონით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სფეროებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე არსებულ შესაბამის სუბიექტებს, რომლებმაც სახელმწიფო კომისიას სათანადო მოთხოვნები გაუგზავნეს, არ აქვთ უფლება, სამსახურში მიღებაზე უარი უთხრან იმ პირებს, რომლებიც გამოცხადდნენ სახელმწიფო კომისიის მიერ გაცემული გაწვევის შესახებ დოკუმენტის ან შესაბამისი მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

4. პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შესახებ შესაბამისი მინისტრის ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილი სამსახური შესაბამის, დაინტერესებულ სუბიექტთან დებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის დასაქმების თაობაზე ხელშეკრულებას. საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1468 - სსმ I, №15, 03.06.2002 წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4304 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.412 საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2626 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3502 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28294-arasamkhedro-alternatiuli-shromiti-samsakhuris-shesakheb/13.md
