---
title: "მუხლი 34³ — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/34-3"
law: "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"
article: "34^3"
identifier: "1028"
adopted: "1997-10-31"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34³ — მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, მუხლი 34³ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/34-3

1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარტიის, პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.

2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და თავისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოსაკითხ პირს ეს უფლებები გამოკითხვის დაწყებამდე უნდა განუმარტოს. ამ პუნქტის მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

3. გამოკითხვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. ამ განმარტების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

5. გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

6. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. ამ გაფრთხილების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასაკითხად იქნეს დაბარებული.

8. გამოკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. გამოსაკითხ პირს მისი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს.

9. გამოსაკითხი პირი შეიძლება დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოიკითხოს. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4215 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1315 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1384 – ვებგვერდი, 04.03.2026წ. თავი IV პარტიის საქმიანობის შეწყვეტა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/34-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28324-mokalaketa-politikuri-gaertianebebis-shesakheb/35.md
