---
title: "მუხლი 64. წარმომადგენელთა კრება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/64"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "64"
identifier: "577"
adopted: "1994-10-28"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2022-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. წარმომადგენელთა კრება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2022-01-01.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/64

1. თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა ხუთასზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად მოიწვევა წარმომადგენელთა კრება. თუ წევრთა რაოდენობა ორასზე მეტია, შეიძლება წესდებით განისაზღვროს, რომ საერთო კრების ნაცვლად ჩატარდეს წარმომადგენელთა კრება.

2. წარმომადგენლად შეიძლება არჩეულ იქნეს ყოველი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც კოოპერატივის წევრია, მაგრამ არ არის არც გამგეობაში და არც სამეთვალყურეო საბჭოში.

3. წარმომადგენელთა კრება შედგება სულ ცოტა 50 წარმომადგენლისაგან, რომლებსაც ირჩევენ კოოპერატივის წევრები. წარმომადგენლებს არა აქვთ უფლება, თავიანთი უფლებამოსილება სხვა პირებს გადასცენ.

4. წარმომადგენლები აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით; არჩევნებისას წევრთა წარმომადგენლობისათვის შესაბამისად გამოიყენება ამ კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტი . პირი წარმომადგენლად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ოთხ წელზე მეტი ვადით.
წესდებით უნდა განისაზღვროს:
ა) რამდენ წევრზე მოდის ერთი წარმომადგენელი;
ბ) წარმომადგენლობის დრო.
სხვა, უფრო დაწვრილებითი დებულებები არჩევნების წესის შესახებ, შედეგების განსაზღვრის ჩათვლით, შეიძლება ჩამოყალიბდეს გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ საარჩევნო დებულებაში. ამისათვის საჭიროა საერთო კრების თანხმობა. გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს ერთხმად.

5. ყოველი წარმომადგენლისათვის არჩეული უნდა იქნეს თითო სათადარიგო პირი. თუ წარმომადგენელი განთავისუფლდება ვადის დამთავრებამდე, მაშინ მას შეცვლის სათადარიგო პირი. ეს პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ წარმომადგენელთან ერთად წარმომადგენელთა არჩევნებისათვის დადგენილი წესებით, უფლებამოსილების იმავე ვადით.

6. არჩეულ წარმომადგენელთა და არჩეულ სათადარიგო პირთა სია 2 კვირის განმავლობაში უნდა იყოს გამოკრული კოოპერატივის ოფისში, რათა წევრები გაეცნონ მას. ამის შესახებ უნდა გამოცხადდეს საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ ან წესდებით განსაზღვრულ გაზეთში. სიის გამოკვრის ვადის ათვლა იწყება გამოქვეყნების დღიდან. ყოველ წევრს მისი მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს სიის ასლი.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/65.md
