---
title: "მუხლი 65. სამეთვალყურეო საბჭო — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/65"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "65"
identifier: "577"
adopted: "1994-10-28"
consolidated_as_of: "2021-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2022-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. სამეთვალყურეო საბჭო — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2021-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2022-01-01.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 65 (consolidated as of 2021-08-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/65

1. კოოპერატივს უფლება აქვს, წესდებით გაითვალისწინოს სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა და განსაზღვროს მის წევრთა რაოდენობა.

2. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღოს განსაზღვრული გასამრჯელო, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, იმავდროულად იყოს გამგეობის წევრი (დირექტორი) ან მისი მოადგილე, ან სხვაგვარად წარმართოს კოოპერატივის საქმიანობა. გამგეობიდან გასული წევრი მისი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს გამგეობას საქმეების წარმოებისას მართვის ყველა დარგში და ამ მიზნით იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს გამგეობას ანგარიში და უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირის მეშვეობით შეამოწმოს საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა. სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს კოოპერატივის წლიურ ბალანსს, მისი მდგომარეობის შესახებ მოხსენებას და წლიური მოგების განაწილების თაობაზე წინადადებებს. შემოწმების შედეგების შესახებ იგი მოახსენებს საერთო კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე.

5. სამეთვალყურეო საბჭო კანონით დადგენილი წესით იწვევს საერთო კრებას, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, თავისი ფუნქციების შესრულება სხვა პირს გადააბაროს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი გამგეობასთან ერთად მესამე პირთან ხელშეკრულების დადებისას და წარმართოს პროცესი კოოპერატივის წევრის წინააღმდეგ, თუ ამას დაადგენს საერთო კრება. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ყოველ კრედიტს, რომელიც მიეცემა გამგეობის რომელიმე წევრს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იგივე წესი მოქმედებს კრედიტის გაცემის შემთხვევაში გამგეობის წევრის თავდებად დადგომისას.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28408-mewarmeta-shesakheb/66.md
