---
title: "მუხლი 17. მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა — საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/17"
law: "საავტომობილო გზების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 28420"
adopted: "1994-11-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა — საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/17

1. საავტომობილო გზებზე მოძრაობა დროებით შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მხოლოდ ავარიის ან სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საგზაო-კლიმატური პირობების გამო ან სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას.

2. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე – შესაბამისი მუნიციპალიტეტები, ხოლო საუწყებო საავტომობილო გზებზე – ამ გზების მფლობელები.

3. საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ვალდებულია დროულად გამოაცხადოს ეს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რომელშიც უნდა მიეთითოს ასაქცევი გზები, აგრეთვე გზის ასეთი მონაკვეთების დასაწყისში უნდა დაიდგას შესაბამისი საგზაო ნიშნები და მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. თუ შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

4. თუ შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, აგრეთვე მიღებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება არა აქვთ მოითხოვონ მოძრაობის დროებით შეწყვეტით ან შეზღუდვით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია. საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/18.md
