---
title: "მუხლი 16. პირის მოწვევა — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/16"
law: "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 2905260"
adopted: "2015-07-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. პირის მოწვევა — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/16

1. მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გასაუბრების მიზნით შეტყობინებით მოიწვიოს პირი სამსახურში, თუ:
ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს აქვს სამსახურის ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) ეს აუცილებელია სხვა პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განსახორციელებლად.

2. შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს მოწვევის საფუძველი.

3. მოწვევის შესახებ შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს, რომ სამსახურში გამოცხადება და სამსახურის დატოვება ნებაყოფლობითია.

4. პირის მოწვევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი სამსახურებრივი მოვალეობების თავისებურებები და პირადი ცხოვრების ინტერესები.

5. არასრულწლოვნის მოწვევა დასაშვებია მხოლოდ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

6. მოწვეული სრულწლოვანი პირის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს, ხოლო არასრულწლოვნისა – 2 საათს.

7. მოწვეულ პირთან გასაუბრების შემთხვევაში დგება გასაუბრების ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი უფლებამოსილი მოსამსახურე და მოწვეული პირი, ხოლო თუ მოწვეული პირი არასრულწლოვანია − აგრეთვე მისი თანმხლები მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ოქმში უნდა მიეთითოს გასაუბრების ადრესატი, გასაუბრების საფუძველი, მოწვეული პირისთვის მისი უფლებების განმარტების შესახებ და სხვა ფაქტობრივი გარემოებები. მოწვეული პირის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოწვეულ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/17.md
