---
title: "მუხლი 18. სპეციალური შემოწმება და დათვალიერება — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/18"
law: "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 2905260"
adopted: "2015-07-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. სპეციალური შემოწმება და დათვალიერება — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/18

1. სპეციალური შემოწმება და დათვალიერება გულისხმობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების შემოწმებასა და დათვალიერებას, რომლებიც აუცილებელია ნივთის აღმოსაჩენად, აგრეთვე ნივთის რაობის დასადგენად.

2. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს მხოლოდ:
ა) სამსახურის შენობა-ნაგებობაში და ტერიტორიაზე;
ბ) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტის შენობა-ნაგებობაში და ტერიტორიაზე.

3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ისეთი ნივთი, რომლის ფლობით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე დადგენილი წესი დაირღვევა.

4. პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს შესაბამისი სქესის უფლებამოსილი მოსამსახურე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი სქესის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირის სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. განსხვავებული სქესის უფლებამოსილმა მოსამსახურემ პირის სპეციალური  შემოწმება და დათვალიერება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.

5. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას უნდა დაესწროს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია პირს განუმარტოს შესაბამისი ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება.

8. თუ სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი მოსამსახურე ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/19.md
