---
title: "მუხლი 30¹. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანა — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/30-1"
law: "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ"
article: "30^1"
identifier: "matsne 2905260"
adopted: "2015-07-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30¹. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანა — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, მუხლი 30¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/30-1

1. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებითა და მოსამსახურის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული წესით მოსამსახურის გადაყვანა შესაძლებელია აგრეთვე ტერიტორიულად სხვა ადგილზე. მოსამსახურის თანხმობის გარეშე ამ წესით მისი გადაყვანა დასაშვებია 1 წლამდე ვადით. 1-წლიანი ვადის სრულად ამოწურვის შემდეგ აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 1 წლამდე ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მოსამსახურის გადაყვანა დასაშვებია, თუ მოსამსახურეს, მისი განათლების (კვალიფიკაციის) და მის მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის ან შესაბამისი სამსახურებრივი საჭიროების აღმოფხვრის შემდეგ მოსამსახურე ბრუნდება გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, იგი ინიშნება მის შესაბამის, თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე. თუ აღნიშნული მოსამსახურე უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, იგი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

4. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გადაყვანის გარდა, მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილების სხვა შემთხვევები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1578 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2905260-sakartvelos-sakhelmwipo-usaprtkhoebis-samsakhuris-shesakheb/31.md
