---
title: "მუხლი 19¹. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, პრივატიზების ფორმები და წესი — ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/19-1"
law: "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ"
article: "19^1"
identifier: "1190"
adopted: "2005-03-25"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19¹. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, პრივატიზების ფორმები და წესი — ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ, მუხლი 19¹ (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/19-1

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

2. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ახორციელებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესში თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ დებულებებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს, და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

5. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით თვითმმართველი ერთეულის ქონების ბაზაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების თაობაზე. გამგეობის (მერიის) მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

6. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული სამეწარმეო, არასამეწარმეო (არაკომერციული) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნას, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, მათ დაფუძნებაში მონაწილეობას და მათში გაწევრებას, აგრეთვე სამეწარმეო იურიდიული პირების წილების (აქციების) შეძენას, მათთვის ქონების გადაცემას და ქონების მიღებას ახორციელებს „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. თვითმმართველი ერთეულის ქონების თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

8. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისას, პრივატიზებისას, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას თვითმმართველ ერთეულს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლის (რწმუნებული პირის) ან შუამავლის მეშვეობით. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია წარმომადგენელს (რწმუნებულ პირს) წინასწარ განუსაზღვროს სამოქმედო ინსტრუქცია.

9. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

10. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

11. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

12. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პირობებს განსაზღვრავს და ხელშეკრულებებს დებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ თბილისის მთავრობა. ეს ხელშეკრულებები ძალაში შედის საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე.

13. ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულება განსახილველად ეგზავნება საქართველოს მთავრობას, რომელიც საკითხზე იღებს გადაწყვეტილებას.

14. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს ქონების მმართველის წარდგინებით წყვეტს საქართველოს მთავრობა. საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

15. თვითმმართველი ერთეულის ქონების ან/და აქციებისა და წილების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

16. თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს წინადადებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.

17. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განიხილოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის გარკვეული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.

18. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების სახელმწიფოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

19. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აქციები და წილები შეიძლება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს. მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მთავრობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4517-ვებგვერდი, 15.04.2011წ. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5855 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6383 – ვებგვერდი, 15.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1229 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29128-adgilobrivi-tvitmmartveli-erteulis-konebis-shesakheb/19-2.md
