---
title: "მუხლი 1. ტერმინთა განმარტება — მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/1"
law: "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ"
article: "1"
identifier: "4036-რს"
adopted: "2015-07-16"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. ტერმინთა განმარტება — მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/1

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბონენტი (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) – მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიის მფლობელთან (ლიცენზიატთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების გაწევის თაობაზე;
ბ) მაღალმთიანი რეგიონი – მაღალმთიანი დასახლება;
გ) მაღალმთიანი დასახლება – საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასახლება, რომელიც შეტანილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში;
დ) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) მთის განვითარების ეროვნული საბჭო (შემდგომ – საბჭო) – მაღალმთიანი დასახლებების განვითარების, შესაბამისი სამინისტროების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პოლიტიკის შემუშავების მიზნით, ამ კანონის საფუძველზე შექმნილი კოლეგიური სათათბირო ორგანო;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი – მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი;
ზ) ფაქტობრივად ცხოვრება – ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტების ერთობლიობით;
თ) სამედიცინო პერსონალი – მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, ამ კანონით გათვალისწინებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი, ექთანი;
ი) კალენდარული წელი – 12 უწყვეტი კალენდარული თვე.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3035 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №355 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3841 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2924386-maghalmtiani-regionebis-ganvitarebis-shesakheb/2.md
