---
title: "მუხლი 33². კერძო სკოლის უფლება-მოვალეობები მოსწავლის მიმართ — ზოგადი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/33-2"
law: "ზოგადი განათლების შესახებ"
article: "33^2"
identifier: "1330"
adopted: "2005-04-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33². კერძო სკოლის უფლება-მოვალეობები მოსწავლის მიმართ — ზოგადი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 33² (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/33-2

1. კერძო სკოლა ვალდებულია ფინანსური დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში მოსწავლეს დაასრულებინოს მიმდინარე სასწავლო სემესტრი.

2. კერძო სკოლა უფლებამოსილია ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლის შეუფერხებელი მობილობის უზრუნველსაყოფად.

3. კერძო სკოლა ვალდებულია ფინანსური დავალიანების წარმოშობისთანავე წერილობით გააფრთხილოს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი და განუსაზღვროს მას გონივრული ვადა შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე განუმარტოს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგები.

4. კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ამ გადაწყვეტილების თაობაზე.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

6. კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის სურვილით მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის შემთხვევაში მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, აგრეთვე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს წინასწარ გადახდილი სწავლის საფასური (არსებობის შემთხვევაში).

7. კერძო სკოლის მიერ ამ მუხლის მე-3−მე-6 პუნქტების შეუსრულებლობა მისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველია.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტისას მის მიერ სწავლის სხვა კერძო სკოლაში  გაუგრძელებლობის შემთხვევაში სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე უზრუნველყოფს მოსწავლისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების საჯარო სკოლაში მიღების ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №463 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/33-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/34.md
