---
title: "მუხლი 35. პასუხისმგებლობა და სტრუქტურა — ზოგადი განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/35"
law: "ზოგადი განათლების შესახებ"
article: "35"
identifier: "1330"
adopted: "2005-04-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. პასუხისმგებლობა და სტრუქტურა — ზოგადი განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/35

1. საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ამ საჯარო სკოლის დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სააპელაციო კომიტეტის არსებობა.

2¹. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც: ა) ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა, რომლის არჩევის/დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და დაწესებულების წესდებით; ბ) ახორციელებს სამხედრო მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს: ბ.ა) სამხედრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა. მისი დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და აღნიშნული დაწესებულების წესდებით; ბ.ბ) განსხვავებული სტრუქტურა.

4. საჯარო სკოლის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3524 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/34-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29248-zogadi-ganatlebis-shesakheb/36.md
