---
title: "მუხლი 41. დავის განხილვა — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/41"
law: "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
article: "41"
identifier: "1514"
adopted: "2005-06-02"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. დავის განხილვა — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/41

1. დავის განხილვა მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადაიდება კომისიის შემდეგი სხდომისთვის. არასაპატიო მიზეზით განმეორებითი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ დავის განხილვას.

2. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება საქმის გარემოებების მოხსენებით, მხარეთა დასახელებით, დავის საგნისა და საფუძვლის მითითებით.

3. საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის პროცესი იწყება მხარეთაგან ახსნა-განმარტებების მიღებით.

4. სხდომაზე გამოცხადებული მხარის უარი ახსნა-განმარტების მიცემაზე არ აბრკოლებს მეორე მხარისგან ახსნა-განმარტების მიღებას.

5. სხდომის თავმჯდომარე, კომისიის წევრები მხარეებს უსვამენ შეკითხვებს, რომლებიც ხელს უწყობს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას. მხარეები უფლებამოსილი არიან ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები.

6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ყველა არსებით მომენტს, კერძოდ, კომისიის სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს: სხდომის ჩატარების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი; სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო; სხდომის შემადგენლობა და სხდომის მდივანი; საქმის დასახელება; ცნობები წარმომადგენელთა, მოწმეთა, ექსპერტთა და თარჯიმანთა გამოცხადების შესახებ; მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებანი; მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტების მიერ თავიანთი დასკვნების განმარტებები; ცნობები გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/42.md
