---
title: "მუხლი 8⁴. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/8-4"
law: "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
article: "8^4"
identifier: "1514"
adopted: "2005-06-02"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8⁴. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, მუხლი 8⁴ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/8-4

1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს იმ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელური და სასადგურე ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მიღების შესაძლებლობა და ამ მიზნით აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს შესაბამისი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის შემდგომ ღონისძიებებს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს უშუალოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 3 მუხლით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლებით დადგენილი წესით.

2. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის შესაძლებლობას.

3. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის არქიტექტურა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №480 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5617 – ვებგვერდი, 24.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/8-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/8-5.md
