---
title: "მუხლი 8⁵. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადები — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/8-5"
law: "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
article: "8^5"
identifier: "1514"
adopted: "2005-06-02"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8⁵. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადები — ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, მუხლი 8⁵ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/8-5

1. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია უფლებამოსილია: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები: მომხმარებლის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ინფორმაცია, მომსახურების მიწოდების მიზნით მინიჭებული სააბონენტო ნომერი და მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული სხვა მონაცემები; ბ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები: ბ.ა) მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ბ) კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.გ) კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.დ) კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ე) კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ვ) მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; გ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ანგარიშისა და გადასახადების (მათ შორის, მომსახურების საფასურის) შესახებ ინფორმაცია.

2. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადების ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამ მონაცემების წაშლა ან განადგურება. მონაცემთა ავტომატური განადგურების ტექნიკური აღსრულების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 დღეს. საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონი №3148 – ვებგვერდი, 03.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/8-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29620-elektronuli-komunikatsiebis-shesakheb/9.md
