---
title: "მუხლი 11³. ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/11-3"
law: "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ"
article: "11^3"
identifier: "659"
adopted: "1997-04-17"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11³. ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა — წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, მუხლი 11³ (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/11-3

1. ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ნიშნავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით , ასევე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით გავრცელებულ მასალას ან / და ქმედებას , რომლის მიზანია ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების პროპაგანდა .

2. აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ( პირველი ჯგუფისათვის მიკუთვნებული ) , მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა .

3. მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა დასაშვებია რეკლამის ტექსტის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით და შემდეგი პირობების დაცვით : ა ) თუ ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ვრცელდება ბეჭდური სახით , ის უნდა მოიცავდეს გამაფრთხილებელ მითითებას : „ გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას , გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს “; ბ ) თუ ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ვრცელდება არაბეჭდური სახით , გამაფრთხილებელი მითითება უნდა გახმოვანდეს ; გ ) ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის ტელევიზიით გავრცელების შემთხვევაში , როდესაც შესაძლებელია მისი როგორც ვიზუალურად აღქმა , ისე გახმოვანება , გამაფრთხილებელი წარწერა უნდა ჩანდეს ( იკითხებოდეს ) არანაკლებ სამი წამის განმავლობაში და ასევე უნდა გახმოვანდეს .

4. რეკლამის ტექსტის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმება გულისხმობს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით , რომ სარეკლამო ტექსტი შეესაბამება ინსტრუქციაში მითითებულ ინფორმაციას .

5. დაუშვებელია , ფარმაცევტული პროდუქტის სარეკლამო ტექსტი შინაარსობრივად განსხვავდებოდეს ამ პროდუქტის გამოყენების მომხმარებლისათვის განკუთვნილ ინსტრუქციაში მითითებული ჩვენებებისაგან .

6. დაუშვებელია ფარმაცევტულ პროდუქტად დაურეგისტრირებელი , ასევე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით დაურეგისტრირებელი კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების , ბიოლოგიურად აქტიური დანამატისა და პარასამკურნალო საშუალების სარეკლამო ტექსტში დაავადებების მითითება და მათი ფარმაცევტულ პროდუქტებად წარმოჩენა .

7. ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა თავისუფალია და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრული რეგულირება , გარდა ამ მუხლის მე -5 პუნქტით განსაზღვრულისა .

8. სააგენტო ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის მონიტორინგს ამ კანონით დადგენილი პირობების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით .

9. რეკლამად არ ითვლება : ა ) ფარმაცევტული პროდუქტის მარკირება , ინსტრუქცია ; ბ ) საქმიანი კორესპონდენცია ; გ ) ფაქტოგრაფიული , ინფორმაციული ხასიათის პროსპექტი და საცნობარო მასალა , თუ მათში ასახული ინფორმაცია შეეხება მხოლოდ ფარმაცევტული პროდუქტის ცვლილებას ან / და სიფრთხილის ზომებს ; დ ) ჯანმრთელობასთან ან / და დაავადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია , თუ მასში არ არის პირდაპირი ან ირიბი მითითება ფარმაცევტული პროდუქტით მკურნალობაზე ; ე ) სამედიცინო და ფარმაცევტული დარგის მუშაკებისათვის ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება .

10. პირველი და მეორე ჯგუფებისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების , ასევე საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მოსახლეობისათვის რეკლამის მიზნით დარიგება დაუშვებელია . საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/11-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29836-wamlisa-da-parmatsevtuli-sakmianobis-shesakheb/11-4.md
