---
title: "მუხლი 248 — საზღვაო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/248"
law: "საზღვაო კოდექსი"
article: "248"
identifier: "715"
adopted: "1997-05-15"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 248 — საზღვაო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო კოდექსი, მუხლი 248 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/248

1. დამზღვევი ვალდებულია გენერალური პოლისით გაფორმებული ყოველი ტვირთის გაგზავნის ცნობის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ მიაწოდოს მზღვეველს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, კერძოდ: ა) ტვირთის გადამტანი გემის სახელწოდება; ბ) ტვირთის გადატანის მარშრუტი; გ) სადაზღვევო თანხა.

2. დამზღვევი არ თავისუფლდება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოვალეობისაგან მაშინაც კი, როცა ის მიიღებს ცნობას, რომ ტვირთი დაუზიანებლად მივიდა დანიშნულების ადგილზე.

3. დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში, მზღვეველს უფლება აქვს უარი განაცხადოს შესაბამის ტვირთთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურებაზე. ამასთან, მზღვეველი ინარჩუნებს უფლებას სადაზღვევო პრემიაზე, რომელსაც მიიღებდა, თუ დამზღვევი ვერ დაამტკიცებს, რომ ინფორმაციის მიუწოდებლობა ან დაგვიანებით მიწოდება არ იყო მისი განზრახი ქმედობა.

4. თუ დამზღვევმა განზრახ დააყოვნა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, საერთოდ არ მიაწოდა ან შეგნებულად მიაწოდა მცდარი მონაცემები ტვირთისა და სადაზღვევო თანხის შესახებ, მზღვეველს უფლება აქვს უარი თქვას გენერალური პოლისით დაზღვევაზე. ამასთან, მზღვეველი ინარჩუნებს უფლებას სადაზღვევო პრემიაზე, რომელსაც მიიღებდა დამზღვევის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების კეთილსინდისიერად და სრულად შესრულების შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/247.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29908-sazghvao-kodeksi/249.md
