---
title: "მუხლი 168. ექსპერტის უფლებები და მოვალეობები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/168"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "168"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 168. ექსპერტის უფლებები და მოვალეობები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 168 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/168

1. ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე.

2. თუ ექსპერტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლოში, თავს აარიდებს დასკვნის მიცემას ან შეგნებულად მისცემს ყალბ დასკვნას, მის მიმართ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს.

4. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე.

5. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/167.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/169.md
