---
title: "მუხლი 169. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალების შეგროვება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/169"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "169"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 169. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალების შეგროვება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 169 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/169

1. ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელი მასალების წრეს განსაზღვრავს სასამართლო, რომელსაც შეუძლია გაითვალისწინოს როგორც მხარეების, ისე ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებები.

2. თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების მიღებისათვის აუცილებელია მოწმის დაკითხვა, სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს იგი ექსპერტის მონაწილეობით. მხარეებს ეცნობებათ ამის შესახებ, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს მოწმის დაკითხვას. ამ წესით დაკითხული მოწმე არ თავისუფლდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისაგან და საქმის განხილვის დროს განმეორებითი დაკითხვისაგან.

3. მოწმის დაკითხვის შესახებ შედგება ოქმი, რომელიც დაერთვის საქმეს.

4. თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.

5. თუ ექსპერტიზის ობიექტი სხვა პირთანაა და ეს პირი ახორციელებს ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულ ქმედებებს, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა ამ პირს განჩინებით დაევალოს ექსპერტის მითითებების შესრულება. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/168.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/170.md
