---
title: "მუხლი 309²³. პირის დანიშვნის საკითხის განხილვის ზოგადი წესი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-23"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "309^23"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309²³. პირის დანიშვნის საკითხის განხილვის ზოგადი წესი — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309²³ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-23

1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის საკითხს სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა ამ თავით დადგენილი გამონაკლისებისა. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს ზეპირი მოსმენა განმცხადებლის (განმცხადებლების) და დასანიშნი პირის მონაწილეობით. ზეპირ მოსმენაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

2. სასამართლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის საკითხს განიხილავს 1 თვის ვადაში და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამ განჩინებაში მითითებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ დანიშნული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და მის მიერ დაკავებული თანამდებობა. რამდენიმე კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს იმ კანდიდატს, რომელიც დასაკავებელ თანამდებობას ყველაზე მეტად შეესაბამება.

3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლის (განმცხადებლების) ან დასანიშნი პირის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განჩინებით დაადგინოს დანიშნული პირის გასამრჯელოს ოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის დროს მისი პარტნიორის წილის სამართლიანი ფასის დასადგენად დამოუკიდებელი ექსპერტია დანიშნული. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-24.md
