---
title: "მუხლი 309³⁵. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-35"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "309^35"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 309³⁵. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309³⁵ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-35

1. სასამართლო უფლებამოსილია ამ კოდექსის 309 33 მუხლით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მიმართ გამოიყენოს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიება. ეს ღონისძიება შეიძლება იყოს: ა) საავიაციო ობიექტის შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით; ბ) საავიაციო ობიექტის მფლობელობაში გადაცემა ან შესანახად გადაცემა ან მიბარება; გ) საავიაციო ობიექტის გადაადგილების აკრძალვა; დ) საავიაციო ობიექტის იჯარით გადაცემა ან საავიაციო ობიექტისა და მისგან მიღებული შემოსავლის მართვა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებებით; ე) საავიაციო ობიექტის გასხვისება და მისი გასხვისებით მიღებული შემოსავლის განაწილება, თუ ამაზე არსებობს შეთანხმება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრულ კრედიტორსა და მოვალეს შორის; ვ) საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.

2. კრედიტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების ერთი სახის მეორე სახით შეცვლა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოსთვის ხელახლა წარდგენით. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/309-36.md
