---
title: "მუხლი 31. მოსამართლის აცილების სხვა საფუძვლები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/31"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "31"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. მოსამართლის აცილების სხვა საფუძვლები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 31 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/31

1. მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში ; ე) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ გ” ქვეპუნქტის თანახმად, ნათესავებად ითვლებიან: ა) მეუღლე; ბ) დანიშნული; გ) პირდაპირი ხაზის ნათესავები; დ) და-ძმა; ე) დისშვილები და ძმისშვილები; ვ) მშობლების და-ძმები; ზ) დანათესავებულები (მოყვრები); თ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/32.md
