---
title: "მუხლი 351¹⁷. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აღსრულების შეწყვეტა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-17"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "351^17"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 351¹⁷. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აღსრულების შეწყვეტა — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 351¹⁷ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-17

1. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. თუ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის პასუხისმგებელი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზომების მიღების შემდეგ ბავშვი, რომელმაც მიაღწია ისეთ ასაკსა და სიმწიფის ხარისხს, როდესაც მისი აზრის გათვალისწინება მიზანშეწონილია, უარს იტყვის დაბრუნებაზე, საქმე ეგზავნება ამ გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რომელიც საქმის წარმოებაში მიღებიდან 1 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის შეწყვეტის შესახებ. თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს, ეს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით მიიღება.

3. თუ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვი უარს იტყვის დაბრუნებაზე, მისი ნების ნამდვილობა ფსიქოლოგის დასკვნით უნდა დადასტურდეს.

4. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურები, მისი აღსრულებისათვის პასუხისმგებელი ორგანოები და ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ მიმართვიანობის (რეფერირების) და აღსრულების პროცედურებით“. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4869 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6054 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/351-18.md
