---
title: "მუხლი 363³⁹. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-39"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^39"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363³⁹. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363³⁹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-39

1. სასამართლო გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს ამ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს.

2. გაფიცვის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელში მითითებული უნდა იყოს გაფიცვის მონაწილე ყველა დასაქმებული.

3. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც 3 დღეზე ნაკლები არ შეიძლება იყოს. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულ სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს.

4. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოს განჩინება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელისათვის მისი გაცნობიდან 3 დღის ვადაში კერძო საჩივრით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

5. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეგზავნება მოპასუხეს და მას შესაგებლის წარსადგენად 10-დღიანი ვადა ეძლევა. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-4.md
