---
title: "მუხლი 363⁵⁰. გადაწყვეტილების მოდიფიკაცია — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-50"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "363^50"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 363⁵⁰. გადაწყვეტილების მოდიფიკაცია — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363⁵⁰ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-50

1. კრედიტორი და მოვალე უფლებამოსილი არიან მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ კონვენციის ფარგლებში ალიმენტის გადახდევინების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ან საქართველოში ცნობილი გადაწყვეტილების მოდიფიკაცია.

2. კონვენციის ფარგლებში მისი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაცია (მათ შორის, დაკისრებული თანხის გაზრდის ან შემცირების მოთხოვნით) ნებადართულია, როდესაც მომხდარია კრედიტორის ან მოვალის მატერიალური, ოჯახური ან იმ ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოების არსებითი ცვლილება, რომლის საფუძველზედაც თავდაპირველი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

3. თუ ალიმენტის გადახდევინების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, დაუშვებელია მოვალის მიმართვის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების მოდიფიკაციის მიზნით საქმის წარმოების დაწყება, თუკი კრედიტორი მუდმივად ცხოვრობს ისევ იმ სახელმწიფოში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილი არ გამოიყენება, თუ: ა) მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს იურისდიქციის საკითხზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი დავა ეხება ბავშვის რჩენის ვალდებულებას; ბ) კრედიტორი აშკარად ეთანხმება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ იურისდიქციის გავრცელებას ან პირველი შესაძლებლობისთანავე, იურისდიქციის საკითხის სადავოდ გახდომის გარეშე იღებს მონაწილეობას საქმის არსებით განხილვაში; გ) გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს არ შეუძლია იურისდიქციის გავრცელება ან უარს ამბობს იურისდიქციის გავრცელებაზე ამ გადაწყვეტილების მოდიფიკაციისთვის/მასში ცვლილებების შესატანად ან ახალი გადაწყვეტილების მისაღებად; დ) გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა ვერ მოხდება ან ეს გადაწყვეტილება აღსრულებას არ ექვემდებარება იმ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოიაზრება უკვე მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის ან ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცედურების განხორციელება. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/363-51.md
