---
title: "მუხლი 393. საკასაციო საჩივრის საფუძვლები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/393"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "393"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 393. საკასაციო საჩივრის საფუძვლები — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 393 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/393

1. საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. საკასაციო საჩივარში შესაძლებელია მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებიც, კასატორის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დარღვეულია.

2. სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი (მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი (მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები), რაც ამ განმარტებების მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობით გამოიხატება.

3. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/392.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/394.md
