---
title: "მუხლი 445. სარჩელის (განცხადების) მიღება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/445"
law: "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი"
article: "445"
identifier: "1106"
adopted: "1997-11-14"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 445. სარჩელის (განცხადების) მიღება — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 445 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/445

1. სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას, თუ იგი ფოსტით არ არის გაგზავნილი, სასამართლოს კანცელარია ამოწმებს სარჩელის (განცხადების) ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს და ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში მოსარჩელეს, მის წარმომადგენელს (თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს) მიუთითებს უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ.

2. სარჩელის (განცხადების) ფორმალური მხარის შემოწმებისას ყურადღება ექცევა შემდეგ გარემოებებს: ა) წარდგენილია თუ არა სარჩელი (განცხადება) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით; ბ) აღნიშნულია თუ არა სარჩელის (განცხადების) ფორმაში ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტები; გ) ერთვის თუ არა სარჩელს (განცხადებას) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ ასეთი დოკუმენტი არ ერთვის, მითითებულია თუ არა შუამდგომლობების გრაფაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა; დ) ერთვის თუ არა სარჩელს (განცხადებას) თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი; ე) ერთვის თუ არა სარჩელს (განცხადებას) წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს; ვ) არის თუ არა სარჩელი (განცხადება) ხელმოწერილი; ზ) წარდგენილია თუ არა სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.

3. მოსამართლე ვალდებულია სარჩელის (განცხადების) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის (განცხადების) მიღების შესახებ. სარჩელი (განცხადება) მიღებულად ითვლება მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება – ამ ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/444.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29962-sakartvelos-samokalako-saprotseso-kodeksi/446.md
