---
title: "მუხლი 123 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/123"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "123"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 123 — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 123 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/123

1. ადამიანის სისხლის (შემდგომ − სისხლი) დონორობა ეფუძნება ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპებს.

2. პირს უფლება აქვს, სისხლი ან მისი კომპონენტი საკუთარი ნებით, ძალდატანების გარეშე გაიღოს.

3. პირმა სისხლი ან მისი კომპონენტი უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე უნდა გაიღოს. დაუშვებელია გაღებული სისხლის ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება, აგრეთვე მისთვის ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა.

4. დონორობა ანონიმურად უნდა განხორციელდეს, რაც ნიშნავს სისხლის ან მისი კომპონენტის დონორისა და რეციპიენტის (პირი, რომელსაც ჩაუტარდა ტრანსფუზია) შესახებ პერსონალური მონაცემების (მათ შორის, გენეტიკური მონაცემების) დაცულობას და მესამე პირის მიერ მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2388 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №138 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/122.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/124.md
