---
title: "მუხლი 52¹⁵ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-15"
law: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ"
article: "52^15"
identifier: "1139"
adopted: "1997-12-10"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52¹⁵ — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 52¹⁵ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-15

1. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტების, პროფესიული ეთიკის კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

2. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის არასწორად წარმართვისთვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) წერილობითი გაფრთხილება;
ბ) მენეჯერული მოვალეობების/ფუნქციების შესრულების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა;
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა;
დ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაუქმება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას ექთნის ან მეან-ექთნის საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების სიმძიმისა და შედეგების, აგრეთვე ექთნის ან მეან-ექთნის მიმართ უკვე გამოყენებული პროფესიული პასუხისმგებლობის ზომების გათვალისწინებით იღებს საბჭო.

4. დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის საფუძვლებია:
ა) პაციენტის ან მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ან საჩივარი;
ბ) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი;
გ) იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულებაში მომუშავე, აღნიშნული სუბიექტის ორზე მეტი კოლეგა;
დ) იმ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის ორზე მეტი კოლეგის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს აღნიშნული სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი;
ე) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის ან იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტი;
ვ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის შედეგები.

6. თუ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ჩადენილი ქმედებისთვის, იმავე ქმედების შესახებ განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.

7. სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერების მიზეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედება განახლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის მიერ შესაბამისი განცხადების შეტანის შემდეგ გამართულ საბჭოს პირველსავე სხდომაზე.

8. სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაუქმების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, განმეორებით მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი/რეგისტრაციის მოწმობა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

9. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/29980-janmrtelobis-datsvis-shesakheb/52-16.md
