---
title: "მუხლი 39. ინფორმირება აქცეპტების ან გადაუხდელობის შემთხვევაში — თამასუქის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/39"
law: "თამასუქის შესახებ"
article: "39"
identifier: "matsne 30286"
adopted: "1995-04-19"
consolidated_as_of: "2017-12-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. ინფორმირება აქცეპტების ან გადაუხდელობის შემთხვევაში — თამასუქის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამასუქის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2017-12-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/39

1. თამასუქის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს თავის უშუალო ინდოსანტს და თამასუქის გამცემს თამასუქის აქცეპტებასა ან გადახდაზე უარის შესახებ პროტესტის გაცხადების შემდეგ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო თამასუქში წარწერის „დაბრუნდეს ხარჯების გარეშე“ არსებობისას – თამასუქის წარდგენის დღიდან იმავე ვადის განმავლობაში.

2. თითოეული ინდოსანტი შეტყობინების მიღებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ თავის ინდოსატს, იმათი დასახელებისა (გვარი) და მისამართების მითითებით, ვინც ასეთი შეტყობინება უკვე გამოაგზავნა და ასე შემდეგ, ვიდრე ამის შესახებ ეცნობება თამასუქის გამცემს. მითითებული ვადა გამოიანგარიშება შეტყობინების მიღების მომენტიდან.

3. ამ მუხლის I ნაწილით დადგენილ ვადაში თამასუქის გამცემისათვის შეტყობინების შემთხვევაში იმავე ვადაში უნდა ეცნობოს მის თავდებს.

4. თუ რომელიმე ინდოსანტმა არ მიუთითა თავისი მისამართი ან გაურკვევლად ჩაწერა იგი, მაშინ საკმარისია შეტყობინება გაეგზავნოს მასზე ზემოთ ხელმომწერ ინდოსატს.

5. შეტყობინება შეიძლება ნებისმიერი დაფიქსირებული ფორმით, მათ შორის თამასუქის ჩვეულებრივი დაბრუნების გზით. შეტყობინებისათვის უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან ეს დროულად გააკეთა. ითვლება, რომ ვადა არაა დარღვეული, თუ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი ფოსტას ჩაბარდა დადგენილ ვადაში.

6. პირი, რომელმაც ვერ გააგზავნა შეტყობინება ამ მუხლით დადგენილ ვადაში, თავის უფლებებს არ კარგავს. იგი პასუხს აგებს იმ ზარალისათვის, რაც მისი დაუდევრობის შედეგად წარმოიშვება, მაგრამ ზარალის ანაზღაურების თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს თამასუქის თანხას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30286-tamasukis-shesakheb/40.md
