---
title: "მუხლი 123. საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცება და საჯარო მოსამსახურეებისთვის გაცნობა — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/123"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "123"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 123. საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცება და საჯარო მოსამსახურეებისთვის გაცნობა — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 123 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/123

1. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი დამტკიცებამდე 2 კვირით ადრე საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის პროექტს წარუდგენს საჯარო მოსამსახურეებს გაცნობის და მასში შენიშვნებისა და წინადადებების შეტანის მიზნით. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის ეს შენიშვნები და წინადადებები სავალდებულოა, თუ ეს პირდაპირ გამომდინარეობს კანონიდან.

2. საჯარო დაწესებულების შინაგანაწესს ამტკიცებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის ასლი ეგზავნება ამ საჯარო დაწესებულების მოხელეთა პროფესიულ გაერთიანებას (მისი არსებობის შემთხვევაში).

3. საჯარო დაწესებულების შინაგანაწესი ამოქმედდება დამტკიცების მომდევნო სამუშაო დღეს, თუ თვით შინაგანაწესით არ არის დადგენილი მისი ამოქმედების უფრო გვიანდელი თარიღი.

4. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია სამსახურში მიღებისას საჯარო მოსამსახურეს გააცნოს საჯარო დაწესებულების შინაგანაწესი ხელწერილის დადებით, აგრეთვე უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურის მიერ მისი ნებისმიერ დროს გაცნობის შესაძლებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/122.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/124.md
