---
title: "მუხლი 21. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციები საჯარო სამსახურის სფეროში — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/21"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "21"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციები საჯარო სამსახურის სფეროში — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/21

საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობისა და ამ კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) შეისწავლის და აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ მდგომარეობას; მონიტორინგს უწევს საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შესრულებას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ბ) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური აქტების, ნორმატიული აქტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს;
გ) მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო დაწესებულებებს საჯარო სამსახურის სფეროში არსებული სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ერთგვაროვანი შესრულების მიზნით;
დ) აწარმოებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემას; თანამშრომლობს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებთან ადამიანური რესურსების მართვის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში;
ე) შეისწავლის და განაზოგადებს მოხელეთა სამსახურში მიღების, შეფასების, კარიერული განვითარების, კარიერის მართვისა და პროფესიული განვითარების, აგრეთვე საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქტიკას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ვ) თანამშრომლობს შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან მოხელეთა თანამდებობების ერთიანი კლასიფიკაციისა და ანაზღაურების სისტემის შესაქმნელად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
ზ) შეისწავლის საჯარო სამსახურში არსებულ კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების დონეს, შეიმუშავებს მოხელეთა პროფესიული განვითარების ერთიან სტანდარტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას, საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმისა და პროფესიული განვითარების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებას;
თ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას და თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ი) აანალიზებს სამოხელეო სამართლებრივ დავებს და არსებული პრაქტიკის სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა სერტიფიცირებას;
ლ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებას;
მ) 6 თვეში ერთხელ საჯარო სამსახურის საბჭოსთვის წარსადგენად ამზადებს ამ კანონით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ ანგარიშს;
ნ) ასრულებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს.
საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1753 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2210 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2283 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4240 – ვებგვერდი, 13.06.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/22.md
