---
title: "მუხლი 48. მოხელის გადაყვანის წესი — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/48"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "48"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. მოხელის გადაყვანის წესი — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/48

1. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული ამ კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაყვანის მსურველი მოხელის გამოსავლენად ამ საჯარო დაწესებულების ოფიციალურ შიდა ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და განაცხადის წარსადგენად განსაზღვრავს 2 სამუშაო დღის ვადას.

2. განსაზღვრულ ვადაში განაცხადის დარეგისტრირების შემთხვევაში საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი კანდიდატთან ატარებს გასაუბრებას და მოხელის შეფასების შედეგებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის გადაყვანის შესახებ.

3. თუ განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი ან თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატი, საჯარო დაწესებულება აცხადებს კონკურსს ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია ასახოს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/49.md
