---
title: "მუხლი 64. მოხელის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/64"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "64"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. მოხელის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/64

1. მოხელეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოხელის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის გათვალისწინებით, ხოლო იმ მოხელეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, თანამდებობრივ სარგოსთან/წოდებრივ სარგოსთან ერთად ეძლევა დანამატი, კვების კომპენსაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გასაცემლები.

3. მოხელეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე.

4. მოხელეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოხელის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის გათვალისწინებით, ხოლო იმ მოხელეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, თანამდებობრივ სარგოსთან/წოდებრივ სარგოსთან ერთად ეძლევა დანამატი, კვების კომპენსაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გასაცემლები.

5. მოხელეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შეუნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.

6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულებით შესაძლებელია ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. აღნიშნულ შემთხვევაში მოხელეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულებით.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3521 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/65.md
