---
title: "მუხლი 82. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა — საჯარო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/82"
law: "საჯარო სამსახურის შესახებ"
article: "82"
identifier: "4346-Iს"
adopted: "2015-10-27"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა — საჯარო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამსახურის შესახებ, მუხლი 82 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/82

1. ადმინისტრაციული ხელშეკრულება წყდება:
ა) ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ და „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;
გ) ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
დ) შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე მისი ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მისი ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შეწყვეტის თაობაზე 1 თვით ადრე ან უფრო გვიან, მაგრამ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე, უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, მეორე მხარისთვის 1 თვით ადრე შეტყობინების ფარგლებში წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, მეორე მხარისთვის 1 თვეზე უფრო გვიანდელი შეტყობინების ფარგლებში წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 18 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №165 – ვებგვერდი, 29.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №271 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №401 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.
თავი IX
შრომითი ხელშეკრულება საჯარო სამსახურში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/81.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3031098-sajaro-samsakhuris-shesakheb/83.md
