---
title: "მუხლი 11. თანასწორობის უფლება — საქართველოს კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/11"
law: "საქართველოს კონსტიტუცია"
article: "11"
identifier: "matsne 30346"
adopted: "1995-08-24"
consolidated_as_of: "2020-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. თანასწორობის უფლება — საქართველოს კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2020-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 11 (consolidated as of 2020-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/11

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. # # # # # # # # # # # # # # # # # საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ. საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/12.md
