---
title: "მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო — საქართველოს კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/4"
law: "საქართველოს კონსტიტუცია"
article: "4"
identifier: "matsne 30346"
adopted: "1995-08-24"
consolidated_as_of: "2020-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო — საქართველოს კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2020-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 4 (consolidated as of 2020-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/4

1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.

2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

3. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.

4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით.

5. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ. საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ. საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/5.md
