---
title: "მუხლი 55. საქართველოს პრემიერ-მინისტრი — საქართველოს კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/55"
law: "საქართველოს კონსტიტუცია"
article: "55"
identifier: "matsne 30346"
adopted: "1995-08-24"
consolidated_as_of: "2020-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. საქართველოს პრემიერ-მინისტრი — საქართველოს კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2020-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 55 (consolidated as of 2020-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/55

1. მთავრობის მეთაურია საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს.

3. პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.

4. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს. იგი უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე მინისტრს − ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

5. პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით − სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს. საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ. საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/56.md
