---
title: "მუხლი 57. უნდობლობის გამოცხადება — საქართველოს კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/57"
law: "საქართველოს კონსტიტუცია"
article: "57"
identifier: "matsne 30346"
adopted: "1995-08-24"
consolidated_as_of: "2020-06-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. უნდობლობის გამოცხადება — საქართველოს კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2020-06-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 57 (consolidated as of 2020-06-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/57

1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.

2. უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად ინიციატორები წამოაყენებენ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.

3. თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება. ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან.

4. თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა. საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ. საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/58.md
